მოლდოვაში პარტია „შორის“ მხარდამჭერებს რამდენიმე ქალაქში გზები აქვთ გადაკეტილი
მოლდოვაში პარტია „შორის“ მხარდამჭერებს რამდენიმე ქალაქში გზები აქვთ გადაკეტილი

მოლდოვაში პარტია „შორის“ მხარდამჭერებს რამდენიმე ქალაქში გზები აქვთ გადაკეტილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქციის გამართვა იგეგმება მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვშიც.

როგორც პარტია „შორის“ ლიდერი მარინა ტაუბერი აცხადებს, მოქალაქეები ითხოვენ, რომ მთავრობამ ზამთრის თვეებში მოსახლეობის მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი სრულად დაფაროს.

„მაია სანდუმ უნდა დაფაროს ხალხის გადასახადი“, „გადაიხადე ან წადი“, – სკანდირებენ დემონსტრანტები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნით პარტია „შორის“ ლიდერებმა აქცია 12 მარტსაც გამართეს. დემონსტრაციის დასრულების შემდეგ მომიტინგეებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც მოითხოვენ, რომ მთავრობამ მოქალაქეების გადასახადები დაფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებით დაიმუქრნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მომიტინგეები მთავრობას მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 24-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „იტოვებენ უფლებას, მიიღონ საჭირო ზომები, რათა აიძულონ მთავრობას, პატივის სცეს ხალხის ნებას“.

მოლდოვის პოლიციის ცნობით, 12 მარტს, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 77 ადამიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში წაუყენეს ბრალი. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათგან 24 არასრულწლოვანი იყო.

აქციის დაწყების წინ კი პოლიციაში განაცხადეს, რომ რუსული სპეცსამსახურები მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავენ. გამოძიების ცნობით, დაკავებულია შვიდი ადამიანი, რომელთაც რუსეთთან აქვთ კავშირები. პოლიციაში აცხადებენ, რომ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ მოქალაქეებს 10 000 დოლარს ჰპირდებოდნენ.