მოლდოვაში ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მოლდოვაში ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის შესაბამის წინადადებას ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 55-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხუთი წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა.

მანამდე, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვში ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაზის შეძენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

გავრილიცას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ბიუჯეტიდან შეფერხების გარეშე თანხის გამოყოფად არის საჭირო, რათა გაზის შეძენა ალტერნატიული წყაროებიდან გახდეს შესაძლებელი.
მთავრობის ცნობით, მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია.

ამასთან, პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„შეთანხმების მიღწევას თუ ვერ შევძლებთ, სხვა ზომებს მივმართავთ, რათა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა გავრილიცამ.