მოლდოვაში, დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას აპროტესტებენ
მოლდოვაში, დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას აპროტესტებენ

კიშინიოვის მერიის წინ, ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე დაიწყო. დემონსტრანტების ნაწილმა მერიის შენობაში შეჭრა სცადა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ამჟამად მერიის შესასვლელს სამართალდამცველთა კორდონი იცავს.

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, კიშინიოვის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ნესტასემ პოლიციელებს მოუწოდა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ. მან ასევე მერიის თანამშრომლებს მიმართა და თხოვა, შეუერთდნენ პროტესტს.

აქციის გამო კიშინიოვის რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ბლოკირებულია.

კიშინიოვის სასამართლომ 19 ივნისს მოლდოვის დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, 21 ივნისს კი აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და არჩეული მერის, ანდრეი ნესტასეს საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქვემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც, რაც იმას ნიშნავს, რომ კიშინიოვის მერის მოვალეობის შესრულებას კვლავ მოქმედი მერი რუსლან კოდრიანუ გააგრძელებს.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს.

ანდრეი ნესტასე პროევროპული გაერთიანების „ღირსებისა და სიმართლის“ თავმჯდომარეა.