მოლდოვაში დაკავებულმა გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელმა, ევგენია გუცულმა დახმარების თხოვნით ვლადიმირ პუტინს მიმართა
მოლდოვაში დაკავებულმა გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელმა, ევგენია გუცულმა დახმარების თხოვნით ვლადიმირ პუტინს მიმართა

მოლდოვაში დაკავებულმა გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელმა, ევგენია გუცულმა დახმარების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

ევგენია გუცულმა, რომელიც კიშენეუს აეროპორტში დააკავეს საზღვარგარეთ გამგზავრების მცდელობისას, ვლადიმერ პუტის საკუთარი ადვოკატების მეშვეობით მიმართა.

გუცულმა განაცხადა, რომ ის დაკავებულია გამოგონილი საფუძვლებით და ეს არის სისტემური კამპანიის ნაწილი გაგაუზიის განსაკუთრებული სტატუსის შესარყევად.

„მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი უცვლელად გამოდიოდა გაგაუზი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტად. გთხოვთ, როგორც დიდი სახელმწიფოს ლიდერს და ხალხთა უფლებების ისტორიულ დამცველს, გამოიყენოთ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი კიშენეუს მიმართ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე გთხოვთ, ოფიციალურად დაუჭიროთ მხარი გაგაუზიის ავტონომიურ სტატუსს, გაუწიოთ ჩვენს ხალხს ყველა შესაძლო მხარდაჭერა და დაცვა”, – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ევგენია გუცული 25 მარტს საღამოს დააკავეს აეროპორტში, რადგან მას საზღვარგარეთ გასვლის უფლება შეზღუდული აქვს. გუცული მოლდოვაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, რომელიც 2024 წლის აპრილიდან განიხილება სასამართლოში. მას ადანაშაულებენ, რომ 2019-2022 წლებში, პარტია „შორის“ მდივნად მუშაობისას სისტემატურად და ყოველდღიურად შემოჰქონდა მოლდოვაში რუსეთიდან ფული, რომელიც გამოიყენებოდა პარტიის პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად.

ევგენია გუცული გაგაუზიის რეგიონის ხელმძღვანელად 2023 წელს აირჩიეს. ის არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთში და შეხვდა, მათ შორის, ვლადიმირ პუტინსაც. გუცულის წინააღმდეგ სანქციები დაწესებული აქვთ აშშ-სა და ევროკავშირს.