მოლდოვაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას არასამთავრობო ორგანიზაციებით, პარტიების დაფინანსებით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს
მოლდოვაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას არასამთავრობო ორგანიზაციებით, პარტიების დაფინანსებით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს

რუსეთი მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას არასამთავრობო ორგანიზაციებით, პარტიების დაფინანსებით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს.

ამის შესახებ აღნიშნულია მოლდოვაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განცხადების თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს მოლდოვის არჩევნების და მისი ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად.

აშშ-ის საელჩოს მოჰყავს ჯონ კირბის განცხადება, რომლის თანახმად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვმა მილიონობით დოლარი გამოყო მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებისთვის.

საელჩოს განცხადების თანახმად, რუსული გავლენის ცნობილი მოთამაშე, ილან შორი თვეში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც ავრცელებენ ნარატივებს არჩევნების შესახებ რუსეთის ინტერესების შესაბამისად.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამ არაკომერციულმა ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს პრორუსული შინაარსის გავრცელებას ტრადიციულ მედიაში, ადგილობრივ ვებგვერდებზე და სოციალური მედიის აპლიკაციების საშუალებით.

„აშშ-ის და მოლდოვის მთავრობა ერთობლივად მუშაობდნენ რუსეთის გავლენის მცდელობების გამოსავლენად და მონაწილეებისთვის სანქციების დასაწესებლად. ჩვენ ვიღებთ მთელ რიგ ზომებს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, როგორც მოლდოვასა და მის ხალხთან პარტნიორობის ნაწილი. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვისა და მოლდოველი ხალხის მხარდაჭერას და გამოააშკარავებს და დაუპირისპირდება რუსეთის მცდელობებს მოლდოვის დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.