მოლდოვაში არჩევნებზე კორუფციის, პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს
მოლდოვაში არჩევნებზე კორუფციის, პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს

მოლდოვაში არჩევნებზე კორუფციის, პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩხრეკა დღეს კიშინეუსა და კომრატში, 60 მისამართზე ჩატარდა.

ანტიკორუფციულ უწყებაში დაკავებულების ვინაობა არ დაასახელეს, თუმცა მანამდე პარტიის, „მოლდოვის გულის“ ლიდერმა, ირინა ვლახმა განაცხადა, რომ ჩხრეკა მისი პარტიის წარმომადგენლებთან ტარდებოდა.

მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქმეში 17 ეჭვმიტანილი ფიგურირებს, რომელთაგან ოთხი დღეს დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან პოლიტიკური აქტივისტებისთვის ფულის გადაცემაში საარჩევნო საქმიანობის ორგანიზებისთვის. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ისინი აფინანსებდნენ აქტივისტებს არჩევნებზე კანდიდატების მხარდასაჭერად ხელმოწერების შესაგროვებლად.