მოლდოვაში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში უკანონო იარაღი არაღიარებული დნესტრისპირეთიდან შესულიყო
მოლდოვაში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში უკანონო იარაღი არაღიარებული დნესტრისპირეთიდან შესულიყო

მოლდოვაში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში უკანონო იარაღი არაღიარებული დნესტრისპირეთიდან შესულიყო, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დანიელა მისაილ-ნიკიტინმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საბაჟოზე საბრძოლო მასალის კონტრაბანდა არის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა.

„ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ქვეყანაში პარტიებად შემოდიოდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მეზობელ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, რაც ზრდის ასეთი ნივთების მოლდოვაში არსებობის რისკს. ეს მართლაც პირველი ასეთი შემთხვევაა“, – თქვა ნიკიტინმა.

მისი თქმით, მოლდოვამ უნდა იმუშაოს სასაზღვრო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე. მისივე განცხადებით, ხელისუფლება განიხილავს რამდენიმე ვერსიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო იარაღი ქვეყანაში.

„ჩვენ გვაქვს საზღვრის მონაკვეთი, რომელსაც კონსტიტუციური ორგანოები არ აკონტროლებენ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში იარაღის ამ მონაკვეთის გავლით შემოსვლა შეიძლებოდა. მე ვგულისხმობ უკრაინასა და დნესტრის მარცხენა სანაპირო რეგიონს შორის მდებარე სეგმენტს. უკრაინაში ომის გამო ქვეყნის სასაზღვრო სამსახური ნაწილობრივ არის ჩართული სამხედრო ოპერაციებში და სასაზღვრო კონტროლი ნაკლებად მკაცრია“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის მოქალაქის მიერ მართული საბრძოლო მასალის გადამტანი სატვირთო მანქანა 20 ნოემბერს, რუმინეთში შესვლისას გააჩერეს. მოლდოვაში აღნიშნულ საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს. სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც მეხუთე ეჭვმიტანილია, რუმინეთში დააკავეს. მოლდოვის გენერალური პროკურატურის ცნობით, მატერიალურ მტკიცებულებებად იქნა აღიარებული შემდეგი ნივთები: საბრძოლო მასალის 18 კომპონენტი, საბრძოლო მასალის რვა სრული ელემენტი, მიწა-ჰაერი ტიპის გამშვები მოწყობილობა და „გერან 2“-ის ტიპის დრონი.