მოლდოვაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიურთდებიან, რის საპასუხოდაც რუსეთი ქვეყანას ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
მოლდოვაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიურთდებიან, რის საპასუხოდაც რუსეთი ქვეყანას ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიურთდება. საპასუხოდ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მოლდოვას დაემუქრა.

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვა სამომავალოდ აპირებს შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს .ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ევროკავშირთან სოლიდარულები ვიქნებით. ჩვენი მისწრაფებაც ევროპისკენ გვავალდებულებს მომავალშიც სოლიდარულები ვიყოთ. ამ სანქციების მიზანია ომის შეჩერება, რომ შემდეგ დიპლომატები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და იპოვონ გამოსავალი“, – განაცხადა გროსუმ.

საპასუხო განცხადება გააკეთეს მოსკოვში. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა, მოლდოვას ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

„მოლდოვა ახალი ბატონების გულის მოსაგებად, მაშინ როდესაც ჯერ ევროკავშირში არ არის, მზადაა, შეუერთდეს ევროპულ სანქციებს. რას იზამ. მოდი სცადონ. მაშინ ისინი 100%-ით უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ არ მიიღებენ ჩვენგან არც „ძვირ“ და არც სხვა რესურსებს. საერთოდ ვერაფერს მიიღებენ. ევროკავშირში შესვლის გარეშე დატკბნენ სანქციებით“, – წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.

მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლება აპირებს ქვეყნის რუმინეთთან მიერთებას და ასეთ შემთხვევაში რუსი მაღალჩინოსანი აფრთხილებს, კიშინიოვს გაითვალისწინოს, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

მოლდოვის მიმართ მოსკოვის მუქარას გამოეხმაურნენ კიევში. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რუსეთს სხვა სახელმწიფოების მიმართ მუქარის გარდა სხვა გამოსავალი აღარ რჩება, რაც მოსკოვის სისუსტეზე მიუთითებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მეგობარი მოლდოვის ხალხსა და მთავრობას“, – წერს კულება ტვიტერზე.