მოლდოვასა და არაღიარებულ დნესტრისპირეთს შორის სატრანსპორტო შეთანხმება გაფორმდა
მოლდოვასა და არაღიარებულ დნესტრისპირეთს შორის სატრანსპორტო შეთანხმება გაფორმდა

მოლდოვასა და არაღიარებულ დნესტრისპირეთს შორის სატრანსპორტო შეთანხმება კონფლიქტის დარეგულირების პროცესს ხელს უწყობს – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩინმა განაცხადა.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ხელშეკრულება დნესტრისპირეთის სატრანსპორტო საშუალებებს შესაძლებლობას აძლევს შეუერთდნენ საერთაშორისო საგზაო მოძრაობას, რაც მხარეების დაახლოებას უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად, დნესტრისპირეთიდან გასული ავტომობილები საერთაშორისო მოძრაობას სპეციალური სანომრე ნიშნის აღების შემდეგ შეუერთდებიან.

გადაწყვეტილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხება.

დნესტრისპირეთის რეგიონი, რომლის მოსახლეობის 60%-ს უკრაინელები და რუსები შეადგენენ, მოლდოვას შემადგენლობიდან გასვლას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეეცადა. მთავარი მიზეზი კი, მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით დაწყებული მოძრაობები იყო.