მოლდოვას საგარეო უწყება – სრულად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვასთან დაკავშირებით

16:18, 08.04.2022

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და საოკუპაციო რეჟიმის განზრახვის შესახებ, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვის გზით.

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს, აღნიშნულია:

„მოლდოვა არ აღიარებს 10 აპრილს ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

– ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას საქართველოს აღნიშნულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვასთან დაკავშირებით და ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დებულებებისა და პრინციპების დარღვევას, რომლებიც მოცემულია გაერო-ს ქარტიასა და ჰელსინკის ფინალურ აქტში.

– ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას რესპუბლიკის მტკიცე პოზიციას, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციის ან ანექსიის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.“

 

მსგავსი