მოლდოვამ შესაძლოა, საბჭოთა კავშირის ოკუპაციისას მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვოს
მოლდოვამ შესაძლოა, საბჭოთა კავშირის ოკუპაციისას მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვოს

მოლდოვა რუსეთის ოკუპაციისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის – წერს Latvijas Avize.

მედიის ცნობით, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ განაცხადა, რომ საუბარი მილიარდობით დოლარს ეხება. კანდუს თქმით, კიშინიოვი აპირებს, მიმართოს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც 25 წლის განმავლობაში რუსული ჯარის დნესტრისპირეთში ყოფნის შედეგად მიყენებულ ზარალს დაადგენს.

ამასთან, კანდუმ არ გამორიცხა, რომ მოლდოვამ საბჭოთა კავშირის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციაც მოითხოვოს.

„ჩვენი ხალხი იტანჯებოდა დეთორტაციის, შიმშილისა და სხვა დანაშაულების გამო, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი სჩადიოდა. შესაძლოა, ჩვენ კვლავ შევქმნათ კომისია, რომელიც რეპარაციების ოდენობას დაითვლის“, – განაცხადა კანდუმ.

მისივე თქმით, რუსეთის ჩარევა დღეს აშკარად იგრძნობა მოლდოვის მედიასაშუალებებში.

„რუსული მაუწყებლები ჩვენი მთავრობის, აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის საწინააღმდეგო სიუჟეტებს ყოველდღიურად აჩვენებენ“, – განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ.

კანდუს განცხადებით, რუსეთის გავლენის შესამცირებლად, მოლდოვაში უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის კონტროლი შესაძლოა, გამკაცრდეს.