მოლდოვამ რუსული მეცნიერების და კულტურის ცენტრის, „რუსული სახლის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
მოლდოვამ რუსული მეცნიერების და კულტურის ცენტრის, „რუსული სახლის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

მოლდოვაში რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი „რუსული სახლი“ დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მთავრობამ დაადასტურა რუსეთთან გაფორმებული იმ შეთანხმების გაუქმების გადაწყვეტილება, რომელიც კულტურული ცენტრების შექმნას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით, კიშინეუში მდებარე ე.წ. რუსული სახლი (რუსული მეცნიერების და კულტურის ცენტრი) უნდა დაიხუროს.

როგორც მოლდოვის კულტურის მინისტრმა, კრისტიან ჟარდანმა განაცხადა, ეს ცენტრი 1998 წელს რუსეთსა და მოლდოვას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გაიხსნა, რომლის ვადაც 2026 წელს იწურება. მისივე თქმით, შეთანხმება აღარ გახანგრძლივდება.

მოლდოვის მთავრობის მოსაზრებით, ე.წ. რუსული სახლი კრემლის ჰიბრიდული ზეგავლენის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამასთან კიშინეუში აცხადებენ, რომ რუსეთში მოლდოვური კულტურის ცენტრი არ მოქმედებს.

„როსსატრუდნიჩესტვაში“ განაცხადეს, რომ მოლდოვის დედაქალაქში ე.წ რუსული სახლი ამ ეტაპზე  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.