მოლდოვამ მომავალი ათი წლის სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა, მედიის ცნობით, ხელისუფლება გეგმავს ეტაპობრივად თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ეროვნული არმიის მოდერნიზებას
მოლდოვამ მომავალი ათი წლის სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა, მედიის ცნობით, ხელისუფლება გეგმავს ეტაპობრივად თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ეროვნული არმიის მოდერნიზებას

მოლდოვის მთავრობამ მომავალი ათი წლის სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლება გეგმავს ეტაპობრივად თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ეროვნული არმიის მოდერნიზებას.

თავდაცვის მინისტრი ანატოლი ნოსატი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიის მიზანია შეიარაღებული ძალების „თანამედროვე, პროფესიონალურ და კარგად აღჭურვილ სამხედრო ინსტიტუტად“ გარდაქმნა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

დოკუმენტში ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ დასახელებულია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია და საბრძოლო მოქმედებების მოლდოვის ტერიტორიაზე შესაძლო გაფართოება.

„გეოგრაფიული თვალსაზრისით, მოლდოვას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. ქვეყანა მდებარეობს უკრაინის მახლობლად, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრების იმ ზონასთან გადაკვეთაზე, რომელიც რუსეთის გავლენის ზონად მიიჩნევა. ეს რთული გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული სიტუაცია ქვეყნისთვის ძირითად საფრთხეებსა და სამხედრო რისკებს წარმოშობს, რაც მას როგორც გარე ზეწოლის, ასევე შიდა უსაფრთხოების დაუცველობის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სამხედრო სტრატეგიაში დასახელებულ სხვა საფრთხეებს შორისაა ასევე დნესტრისპირეთის რეგიონში სამხედრო პოტენციალის შენარჩუნება, საინფორმაციო თავდასხმების გაძლიერება, კიბერთავდასხმები და იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების არალეგალური გავრცელება.

სამხედრო სტრატეგიაში მიზნებს შორის დასახელებულია შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაცია, თავდაცვითი მისიების შესრულების შესაძლებლობის და მობილიზაციის სისტემის განვითარების უზრუნველყოფა, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემაში ინტეგრაცია, საგარეო პარტნიორებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდა, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების წვლილის გაზრდა.

სამხედრო სტრატეგია 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 1%-მდე ჩართვას ითვალისწინებს.

„ყოველთვის, როცა მოლდოვის თავდაცვაში, ეროვნულ არმიაში ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ამის წინააღმდეგ ისტერიულ ხმებს ვისმენთ. ისინი არმიას სიღარიბესა და ქაოსში ათწლეულების განმავლობაში ამყოფებდნენ. ისინი აქებენ კრემლს, მაგრამ ავიწყდებათ თქმა, რომ კრემლი ომებზე მშპ-ს 7%-ს და ბიუჯეტის 32%-ს ხარჯავს. 32% ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტის ყოველი მესამე დოლარი უკრაინაში ბავშვების, ახალგაზრდების და მცხოვრებლების მკვლელობაზე მიდის“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა.

სამხედრო სტრატეგია გააკრიტიკა სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა.

„ჯანდაცვაში, განათლებასა და სოფლის მეურნეობაში რეალური რეფორმების ნაცვლად, ნეიტრალური მოლდოვა მომდევნო ათწლეულისთვის სამხედრო სტრატეგიებს იღებს. ვისთვის და რატომ არის ეს ხელსაყრელი?“, – აღნიშნა დოდონმა.