მოკრივე გიორგი კუშიტაშვილს რუსი სამართალდამცავის ცემისთვის პატიმრობა ემუქრება
რუსეთის ორგზის ჩემპიონი კრივში გიორგი კუშიტაშვილი როსგვარდიის თანამშრომლის ცემის ბრალდებით დააკავეს და რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, როსგვარდიის თანამშრომელმა მოკრივე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ ახალგაზრდას ნარკოტიკი აღმოაჩნდებოდა.
კუშიტაშვილი სამართალდამცავს არ დაემორჩილა და ორი ძლიერი დარტყმა მიაყენა. როსგვარდიელს ცხვირი გაუტყდა და ცოტა ხნით გონებაც დაკარგა. დაზარალებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ – „დარტყმების შედეგად ძლიერი ფიზიკური და მორალური ტკივილი განიცადა“.
სასამართლომ მოკრივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მომხდარს რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი უმარ კრემლიოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კუშიტაშვილი ნაკრებიდან გარიცხეს.
წარმოშობით ქართველმა მოკრივემ რუსეთის ჩემპიონის ტიტული ორჯერ, 2015 და 2018 წლებში მოიპოვა.