ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო
ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ „შპიგელი“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლესა და მის შვილებს გერმანიის ხელისუფლება თავშესაფრის მიღებაზე უარს ეუბნეოდა. მათ დეპორტაცია ემუქრებოდათ. ხანგოშვილის ოჯახის წევრებს ქვეყანაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში დარჩენის ნებას აძლევდნენ.

„შპიგელის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გერმანიის მიგრაციის და დევნილთა საკითხებში ფედერალურმა ოფისმა 21 ოქტომბერს მიიღო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გერმანული მედიისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

გამოცემასთან საუბრის დროს ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლემ, მანანა ცატიევამ განაცხადა, რომ თავშესაფრის მიღების წყალობით, ის საკუთარი პროფესიით მუშაობას შეძლებს.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომში საველე მეთაური იყო. ის გერმანიაში საცხოვრებლად 2015 წელს გადავიდა. მანანა ცატიევა კი შვილებთან ერთად გერმანიაში 2017 წელს ჩავიდა.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 49 წლის რუსი მამაკაცი დააკავეს.

დატოვე კომენტარი