მოკლული დავით მუმლაძის საქმეში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ერთი ბრალდებული კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მოკლული დავით მუმლაძის საქმეში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ერთი ბრალდებული კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ განაჩენი რუსთავის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი – გიორგი ასათიანი კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ამასთან, დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს თითოეულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი, 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

სამართალდამცავებმა დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი, ძებნა გამოცხადდა. ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს – დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცველ დიმიტრი დუღაშვილს – ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს – უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს რამდენიმე დღე ეძებდა.