მოხალისეთა ჯგუფმა ხანდაზმულებს საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები გადასცა [ფოტო]
მოხალისეთა ჯგუფმა ხანდაზმულებს საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები გადასცა [ფოტო]

აქცია ხანდაზმულთა დასახმარებლად – მოხალისეებმა, საზოგადოების მხარდაჭერით, სოციალურ ქსელში თანხის მობილიზება შეძლეს და გამგეობების მეშვეობით, 550 მარტოხელა და შეჭირვებულ ხანდაზმულებს საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები მიუტანეს.

მათი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს საზოგადოების დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„ოთხმა გოგომ სოციალურ ქსელში გავაკეთეთ ჯგუფი, რომელსაც უკვე 24 ათასი წევრი ჰყავს. ამ ადამიანებმა თანხები ჩარიცხეს და 24-საათის განმავლობაში 55 ათასზე მეტი დაგროვდა. ჩვენ ვიყიდეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები, მედიკამენტები. ასევე სხვადასხვა კომპანიებიც დაგვეხმარნენ. ამ ეტაპზე 550-კაციანი ბაზა გვაქვს მარტოხელა მოხუცების, შეჭირვებული პენსიონერების, ასევე 180-კაციანი ვაუჩერები ერთ-ერთ სასადილოში დავარიგეთ. მას შემდეგ, რაც თანხა შეგროვდა, დავუკავშირდით მერიას და საკრებულოს. მათ მიწოდება თავის თავზე აიღეს“, – განაცხადა სოციალური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ ჩაკვეტაძე.

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო. დიდი რაოდენობით არის პროდუქტები და სხვადასხვა საშუალებები. თბილისის მუნიციპალიტეტები და საკრებულო ჩართულია ლოჯისტიკის კუთხით, ორგანიზების მხრივ და გადანაწილებას მოახდენს აღნიშნული ნობათების. ვფიქრობ, რომ ეს ემსახურება ძალიან კარგ საქმეს. ჩვენ ყველა ბენეფიციარს სახლში მივუტანთ საკვებს“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.