მოჯტაბა ხამენეის მრჩეველი – ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეუბნებით, არ შეუერთდნენ აშშ-ს ეკონომიკურ ომში, ნებისმიერი ასეთი ქვეყანა მტრად ჩაითვლება, მიზანში ამოვიღებთ მათ ინტერესებს
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემდგომ მოქმედებას გადაწყვეტს, ირანის პასუხი სეისმური მასშტაბის იქნება.
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით, არ შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ. დაველაპარაკებით და ვეტყვით, რომ გვერდზე გადგნენ და შეერთებულ შტატებსისგან დისტანცირდნენ. მაგრამ ისინი თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მათ დავარტყამთ. ჩვენ მიზანში ამოვიღებთ ამ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი რამდენიმე თვეა, საზღვაო ბლოკადის პირობებშია, ნავთობის გაყიდვა მაინც გრძელდება.
„საზღვაო ბლოკადაში ახალი არაფერია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზღვაო ბლოკადის პირობებში ვიმყოფებით, თუმცა ნავთობის გაყიდვას მაინც ვაგრძელებთ. მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი თვის განმავლობაში 70 მილიონი ბარელი ნავთობი გავყიდეთ. შეთანხმების შემდეგი პირველი კვირა კარგი იყო, რადგან გავიტანეთ ის 70 მილიონი ბარელი ნავთობი, რომელიც მარაგში გვქონდა. აშშ-ის საზღვაო გემების ყოფნის მიუხედავად, ყოველდღიურად ვყიდით ჩვენი დღიური წარმოების შესაბამისი რაოდენობის ნავთობს. ეს არის, რასაც ბატონი ტრამპის საზღვაო ბლოკადამ მიაღწია“, – აღნიშნა რეზაიმ.