მოჯტაბა ხამენეი - გულწრფელი და წმინდა ზრახვებით, მოვუწოდებ ყველა ისლამურ ქვეყანას მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ
მოჯტაბა ხამენეი - გულწრფელი და წმინდა ზრახვებით, მოვუწოდებ ყველა ისლამურ ქვეყანას მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს „მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა, იმ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, ვინც მექაში ჰაჯის შესასრულებლად იმყოფებიან. წერილობით განცხადებაში მოჯტაბა ხამენეიმ თანამშრომლობისკენ სხვა ისლამურ ქვეყნებსაც მოუწდა.

„მე გულწრფელი და წმინდა ზრახვებით მოვუწოდებ ყველა ისლამურ ქვეყანასა და მთავრობას მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ სიკეთისა და კეთილდღეობისთვის, რათა ერთობლივად ვისწრაფვოდეთ ისლამური უმმის წინსვლისა და ისლამური სამყაროს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისკენ“, – აღნიშნულია ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან გარიგება „აბრაამის შეთანხმებას“ დაუკავშირა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცადა, თეირანთან შეთანხმება თუ არ შედგება, ომი განახლდება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანთან შეთანხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უნდა შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებას“. ტრამპის განცხადებით, საუბარია საუდის არაბეთზე, კატარზე, პაკისტანზე, თურქეთზე, ეგვიპტესა და იორდანიაზე. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს საუდის არაბეთისა და კატარის „აბრაამის შეთანხმებასთან“ შეერთებით. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ „აბრაამის შეთანხმებას“ ირანიც შეუერთდეს.

ცნობისთვის, „აბრაამის შეთანხმება“ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გაფორმდა და ის არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.