მოჰამედ ზარიფი - ევროპა ბირთვული შეთანხმების მიმართ საკმარის მხარდაჭერას არ იჩენს
მოჰამედ ზარიფი - ევროპა ბირთვული შეთანხმების მიმართ საკმარის მხარდაჭერას არ იჩენს

ევროკავშირი არასაკმარის ძალისხმევას იჩენს იმისთვის, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელშეკრულება ძალაში დარჩეს. ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ზარიფმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ მიგელ არიასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ თუ ევროკავშირს ამ შეთანხმების გადარჩენა სურს, ორგანიზაციამ ირანში ინვესტიციების მოცულობა უნდა გაზარდოს.

თავის მხრივ, ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება მნიშვნელოვანია და აუცილებად უნდა დარჩეს ძალაში.

„ეს შეთანხმება უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ახლის გაფორმება. ჩვენი გზავნილი ნათელია. ეს არის ის ბირთვული შეთანხმება , რომელიც მუშაობს“,- განაცხადა ევროკომისარმა .

შეგახსენებთ, 8 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა.