მოჰამედ სალაჰის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ეგვიპტელი ფეხბურთელი მხოლოდ ორ თამაშს გამოტოვებს #1TVSPORT
ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰის ტრავმა სერიოზული არაა და ის მხოლოდ ორ შეხვედრას გამოტოვებს.
ეგვიპტის ნაკრების ლიდერმა აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე, განის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისას საზარდული დაიზიანა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. თავდაპირველად შიშობდნენ, რომ „ლივერპულის“ ვარსკვლავის ტრავმა სერიოზული იქნებოდა და ის რამდენიმე კვირასაც კი გამოტოვებდა.
ამ მომენტისთვის ეგვიპტის ნაკრებს აფრიკის თასზე ორი ფრე აქვს და B ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ჯგუფში ექვსი ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპის საგზური უკვე მოიპოვა კაბო ვერდემ, ხოლო განასა და მოზამბიკს თითო-თითო ქულა აქვთ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ეგვიპტე კაბო ვერდეს შეხვდება და მერვედფინალში გასვლას შეეცდება.
მოჰამედ სალაჰს მიმდინარე აფრიკის თასზე ერთი გოლი აქვს გატანილი, მან მოზამბიკის კარის აღება მოახერხა. სავარაუდოდ, ის თავის ნაკრებს მეოთხედფინალში დაუბრუნდება, თუ ეგვიპტელები იქ გასვლას მოახერხებენ.