მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ვლადიმერ პუტინს სთხოვეს, შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებისთვის ხელი შეეწყო
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვეს, შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებისთვის ხელი შეეწყო. ამის შესახებ ღალიბაფმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სწორედ ამერიკელები ესაუბრნენ ბატონ პუტინს მოსკოვში ვიზიტის დროს და სთხოვეს მას ირანთან საუბარი, ირანი მათთან პირდაპირ საუბარს დათანხმებოდა“, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ღალიბაფმა ასევე აღნიშნა, რომ ირანისა და აშშ-ის კონფლიქტის გაგრძელებას რეგიონისთვის მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვება. მისივე თქმით, ომის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად „ბურთი ახლა შტატების მოედანზეა“.
„თუ ეს ომი გაგრძელდება, მას აუცილებლად ექნება ნეგატიური შედეგები. რეგიონის ქვეყნები დაზარალდებიან და თავად რეგიონი სულ უფრო დაუცველი გახდება. ეს დაუცველობა განვითარების, პროგრესისა და ეკონომიკური ზრდის ხარჯზე მოხდება. ეს ასევე გაკვეთილი უნდა იყოს რეგიონის ყველა ისლამური ქვეყნისთვის, მათთვის, ვინც ოდესღაც თვლიდა, რომ ამერიკული ყოფნა მათ ქვეყნებში და რეგიონში, ასევე აშშ-ის სამხედრო ძალების აქ განლაგება, მათ უსაფრთხოებას მოუტანდა. როგორც ამბობენ, ბურთი ახლა ამერიკის მოედანზეა. გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება მათზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ღალიბაფმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში.