ვაკო გვილია და ვარშავის „ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონის მორიგ ტიტულს მიუახლოვდნენ. ექსტრაკლასას 27 ტურში ვარშაველები გდანსკში „ლეხიას“ ესტუმრნენ და 1:0 დაამარცხეს.
გდანსკში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი „ლეგიამ“ 27-ე წუთზე გაიტანა. მეტოქის კარი 71-ე წუთზე თავდამსხმელმა ტომაშ პეჰარტმა პენალტით აიღო. ვაკო გვილია მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. 28-ე ტურის შეხვედრას გუნდი პირველ მაისს, საკუთარ სტადიონზე მე-13 ადგილზე მყოფ კრაკოვის „ვისლასთან“ გამართავს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ჩემპიონობას გაიფორმებს.
გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი პოზნანის „ლეხი“ კი გასვლაზე „პობსკებიზეს“ დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა კაჭარავა კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ასრულებს და სავარაუდოდ, გუნდს დარჩენილ სამ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.
ექსტრაკლასაში გამართული 27 ტურის შემდეგ „ლეგიამ“ 59 ქულა დააგროვა და შჩეცინის „პოგონს“ უკვე ცხრა ქულით ასწრებს და დარჩენილ სამ შეხვედრაში ქულაც ჰყოფნის, ჩემპიონობა მე-15-ედ რომ იზეიმოს. „ლეხი“ კი 33 ქულით მეცხრე ადგილზეა.