მოგება ისლანდიასთან - 17-წლამდელები მინსკში ჩემპიონობისთვის იბრძვიან (ვიდეო)

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასის
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა მოიგო და ტურნირის მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ამჯერად ისლანდიას დაუპირისპირდა და 17-წლამდელებმა მიზანს მიაღწიეს: . მე-19 წუთზე, კუთხურის მოწოდების თბილისის „დინამოს” მცველმა საბა ხვადაგიანმა მეტოქეებს დაასწრო და ზუსტად დაარტყა 1:0. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩვენებმა ამ ანგარიშით გაიმარჯვეს,

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მინსკის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 23 იანვარს ტაჯიკეთის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველომ პირველ შეხვედრაში ისრაელთან 1:1 ითამაშა და ორ ტურში მოპოვებული ოთხი ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს ისრაელს, რომელმაც მეორე ტურში ტაჯიკეთი 4:0 დაამარცხა და ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზეა.

ტურნირზე რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა. მთავარი პრიზისთვის ჯგუფში პირველი ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ. გამომდინარე აქედან, ფინალში გასასვლელად საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლო ტურში ტაჯიკეთს აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს.

საქართველო – ისლანდია 1:0

​გოლი: 1:0 ხვადაგიანი (19)

საქართველო: ასათიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი (80+3. ტატიშვილი), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე (69. უბილავა), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (52. ონიანი), სალუქვაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე, თუთაშვილი (52. იობაშვილი)

​სათადარიგო შემადგენლობა: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ავალიანი, გვიშიანი, დუნდუა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.