მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი მიმართულების - „ნეოსაქართველოს“ პრეზენტაცია გამართა
მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი მიმართულების - „ნეოსაქართველოს“ პრეზენტაცია გამართა

პოლიტიკურმა მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ნეოსაქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მოძრაობის ახალი ლიდერებიც წარადგინეს.

მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბოძაშვილმა პრეზენტაციაზე ეროვნულ იდენტობაზე დამყარებული „ნეოსაქართველოს“ სტრატეგიის პირველი ნაწილი წარადგინა, რომლის მიზანია ,მოსახლეობას 6-14 თვის განმავლობაში ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებები შემცირდეს.

„წარვადგინეთ ჩვენი დიდი საარჩევნო რევოლუციური პროგრამის ნაწილი, რაც ტექნოლოგიას ეხება. დღეს გვქონდა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე საუბარი, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის 6-14 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგს მოიტანს ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების, ამავე დროს დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.

მოსახლეობას მაქსიმალურად შეუმცირდება დამოკიდებულება ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომელიც არსებობს სახელმწიფოს და ბანკებს შორის, საჯარო ხელისუფლებას და ბანკებს შორის, რის შედეგადაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ზარალდება ყოველთვიურად. ისინი არიან დამოკიდებულები ბანკებზე. ამიტომ ამ ნაწილში ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ეს შიდა ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ არ არის მიმართული, შევცვალოთ ძალიან სწრაფი ზომების მიღებით. ეს არის ჩვენი დღევანდელი პროგრამის დედა არსი, რომ მოსახლეობას მოვუტანოთ სწრაფი შვება იმ დამოკიდებულებებისგან, რომელიც მათ გააჩნიათ საბანკო სექტორზე. დღევანდელი პროგრამა შეეხება სოციალური სამართლიანობის პრინციპის განხორციელებას ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.