მოძრაობა „სოცაფეთქების“ წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა გამართეს

მოძრაობა „სოცაფეთქების“ წევრები რიყის პარკში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. რიყის პარკიდან აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნამდე მანქანებით მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეყნის ნაწილობრივი გახსნა საკმარისი არ არის და შეზღუდვები სრულად უნდა მოიხსნას.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ სამთო-სათხილამურო სფეროს წარმომადგენლები, სატრანსპორტო კომპანიები, ტუროპერატორები.

„მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გაიხსნას ყველა სფერო. ჩვენ მზად ვართ მკაცრი რეგულაციებისთვის. ყოველი დაკარგული დღე ყოველი სფეროსთვის არის დაღუპული. ჩვენი სამოქმედო გეგმაა, მაქსიმუმ მივაწოდოთ მთავრობას ინფორმაცია, გაიგონ, რომ სასწრაფოდ გახსნან პირველ რიგში ზამთრის კურორტები, რადგან დარჩენილია დაახლოებით სამი კვირა და თუ საბაგირო არ გაიხსნა, ბევრ ადამიანს სერიოზული პრობლემა შეექმნება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გურამ გოგიშვილმა.

დატოვე კომენტარი