მოძრაობა „სირცხვილია“ - ქუჩაში გასვლა ისევ მოგვიწევს
მოძრაობა „სირცხვილია“ - ქუჩაში გასვლა ისევ მოგვიწევს

„ოცნება“ არჩევნების მოსაგებად მზად არის, დემოკრატია გაანადგუროს და სიძულვილი დათესოს. ქუჩაში გასვლა ისევ მოგვიწევს, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი.

ამასთან ვიდეოში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოიგონოს თემა, რომლითაც რეალურ პრობლემებს გადაფარავს და „სწორედ ეს მიზანი აქვს „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ და სიძულვილის კანონებს“.

„შეუწუხებიხართ იმ ფიქრს, რომ ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ტოვებს – თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლები. ბრაზდებით იმაზე, სად მიდის ბიუჯეტის ფული რომლითაც გზები, სკოლები, საავადმყოფოები ან დევნილებისთვის ბინები უნდა აშენებულიყო. ან იმაზე, როგორ უნდა გაიტანოთ თავი თვის ბოლომდე თქვენი შემოსავლით. როგორ უნდა დაფაროთ მედიკამენტების და მკურნალობის ხარჯები. ცხადია, გიფიქრიათ, მაგრამ „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ არა, ეს პრობლემები მეორეხარისხოვნია ან საერთოდაც არ არსებობს. თითქოს, მთავარი, რაც თქვენ გაწუხებთ, გამოგონილი პრობლემებია, მაგალითად, სხვა ადამიანების ორიენტაცია – თითქოს ამან შეიძლება, რამე საფრთხე შეგიქმნათ. ან ის, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს. სქემა ასე მუშაობს: უნდა მოიგონო თემა, რომელიც სიღარიბეს, კორუფციას, დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობას გადაფარავს და თქვენს ყურადღებას არარსებულ საკითხებზე გადაიტანს – სწორედ ეს მიზანი აქვს „ოცნების“ ინიცირებულ რუსულ და სიძულვილის კანონებს. თუმცა, ამაშიც არ არიან ორიგინალურები და პუტინის მიერ მიღებულ კანონებს იმეორებენ. „ოცნებას“ ქართველი ხალხი არ აინტერესებს, მათ უბრალოდ არჩევნების მოგება უნდათ, ამისთვის კი მზად არიან, დემოკრატია გაანადგურონ და სიძულვილი დათესონ. ქუჩაში გასვლა ისევ მოგვიწევს“, – ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში.