მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი კახა კალაძეს აქციის მონაწილეების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი კახა კალაძეს აქციის მონაწილეების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იქ მისულ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

„კითხვების დასასმელად მივედით სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის მე, ლაშა ჩხარტიშვილი, ანას ბაღის დამცველები იყვნენ. კითხვებს ვუსვამდით, მათ შორის, სკვერზე, რომელიც მეორედ გახსნა. პირველად შვედეთის ელჩთან ერთად გახსნა, შვიდი თვის წინ უნდა მორჩენილიყო ეს სკვერი და დღეს მორჩა. ყველაზე საკვანძო, ვკითხეთ, რატომ დამარხა დიღმის ჭალებში ტყე და ამაზე გახდა უბრალოდ არაადეკვატური ეს ადამიანი. ქალაქის მერმა კახა კვეკვესკირს ჩამოახია მაისური პირადად. თავად იყო ჩართული ამაში და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოუქნია ხელიც. კალაძესთან ერთად ჭიდაობდა მისი დაცვაც. ამ დაპირისპირების შემდეგ ჩვენ აქეთ გამოგვიყვანეს და თბილისის მერი იქით გაიყვანეს, გაგვარიდეს“, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

კითხვაზე, კახა კალაძემ პირადად მას მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა, დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ კალაძემ „ხელი მოუქნია კახა კვეკვესკირს და გაარტყა თუ არა მუშტი, ამას თავად კვეკვესკირი იტყვის საგამოძიებო უწყებაში“.

„კახა კვეკვესკირი გამოკითხვაზე იმყოფება პოლიციაში და თავად უკეთესად იტყვის, რა იყო, როგორ იყო და რანაირად იყო. კალაძემ მას მუშტი მოუქნია, ხელზე დაზიანებაც აქვს, მაისურიც აქვს დახეული, აგინა“, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დღეს კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე მოხდა და რომლის მონაწილეებმაც კალაძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. „ინციდენტთან ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს. ორი თაღლითი „ნაციონალი“ იყო მოსული, რომლებსაც ქონდათ მცდელობა, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.