მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ ტიტე გედენიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ ტიტე გედენიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ ტიტე გედენიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სამართალდამცავი უწყების მოთხოვნა.

მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფუძვლობის მოტივით შეწყვიტა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.

სამართალდამცავი უწყება მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას რამდენიმე არგუმენტით ითხოვდა. როგორც სასამართლო სხდომაზე სამართალდამცველებმა აღნიშნეს, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი ტიტე გედენიძე არ აღიარებდა და არ ინანიებდა ჩადენილ ქმედებას.

„პოლიციის ქმედებები იყო ამაზრზენი. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც შემიზღუდეს. არ მითხრეს, რატომ მაკავებდნენ და არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. მქონდა სპეციალური საშუალება, რომლითაც ვაპირებდი წარწერის წაშლას”, –  განაცხადა ტიტე გედენიძემ.

„მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა კედელზე შავი პულივიზატორით დააწერა სიტყვა „შეცვალე“. ჩვენ მოვუწოდეთ, შეეწყვიტა ქალაქის იერსახის დამახინჯება, რა დროსაც მან გაგვიწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ ჩვენ ის დავაკავეთ“ ,- აღნიშნა სამართალდამცველმა.

ტიტე გედენიძე გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის დროს დააკავეს.