მოძრაობა „შეცვალე“ საქართველოს პარლამენტთან აქციას მართავს
მოძრაობა „შეცვალე“ საქართველოს პარლამენტთან აქციას მართავს

მოძრაობა „შეცვალე“ საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

მოძრაობის წარმომადგენლები ითხოვენ მიეცეთ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს კითხვები დაუსვან. ამასთან მოძრაობის წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, მოქმედი მთავრი პროკურორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩიოს.

„ჩვენი მოძრაობის სახელით ვაპროტესტებთ იმ უკანონობას, რომელიც პარლამენტშია. ჩვენ ვაპროტესტებთ უდიპლომო, იურიდიული განათლების არმქონე ადამიანის დანიშვნას უვადო მოსამართლედ. ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტია და ამ კითხვების დასმა გვინდოდა, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური უფლება შეზღუდეს და პროგრამის გაჭედვა მოიმიზეზეს. ეს აპრობირებული მეთოდია, როდესაც არ უნდათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კითხვები დაისვას. ამ მიზეზით პარლამენტში არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ უფლებას თადუმაძეს კითხვები დავუსვათ“, – განაცხადა მოძრაობის „შეცვალე“ წარმომადგენელმა ოთარ ათათიამ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.