მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენლებმა აჭარის ტელევიზიის წინ კარავი გაშალეს
მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენლებმა აჭარის ტელევიზიის წინ კარავი გაშალეს

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენლებმა აჭარის ტელევიზიის წინ კარავი გაშალეს. ისინი მრჩეველთა საბჭოსგან ტელევიზიის ხელმძღვანელის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვენ. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე მილორავამ კარავში შიმშილობა დაიწყო.

„გადააყენოს მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძე, რომელმაც სარედაქციო პოლიტიკა შეცვალა. ამ მოთხოვნით ვიწყებ შიმშილობას. ასევე, უნდა დაბრუნდნენ ის თანამშრომლებიც, რომლებიც დირექტორისთვის იყვნენ მიუღებელი და სამსახურიდან უსამართლოდ გაუშვეს“, – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი სოსო სტურუა მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის გამოგონილი.

„მივესალმებით აზრთა მრავალფეროვნებას. მოთხოვნას, რაც არის წამოყენებული ბორდის მიმართ, გავეცნობით, განვიხილავთ და ვუპასუხებთ. რაც შეეხება გაშვებულ თანამშრომლებს, მხოლოდ ორი თანამშრომელია გათავისუფლებული, მაგრამ უნდათ, რომ ეს ბევრად გამოაჩინონ. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის გამოგონილი, მე მსგავსი არაფერი მინახავს“, – ამბობს სოსო სტურუა.

დატოვე კომენტარი