მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენელი „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციას „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ადანაშაულებს
მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენელი „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციას „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ადანაშაულებს

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაყენების მოთხოვნით შენობის წინ კარავში მეექვსე დღეა შიმშილობს, „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციას „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ადანაშაულებს და პარტიის ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მილორავა ამბობს, რომ დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის თანხმობაა საჭირო, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული გია ქარცივაძე პროცესის დასაწყებად მზად არის, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი თამარ წილოსანი კი ექვსი დღეა კონტაქტზე არ გამოდის.

„ექვსი დღეა, თამარ წილოსანი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძე, რომელმაც წილოსანი წარადგინა, კონტაქტზე არ გამოდიან, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში არიან. მოვუწოდებ პარტიის ლიდერებს დააფიქსირონ მათი პოზიცია ან გაემიჯნონ აჭარის ორგანიზაციას“, – აცხადებს მილორავა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი თამარ წილოსანი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.