მოძრაობა „ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა
მოძრაობა „ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ბრიფინგი გამართეს. მოძრაობის წევრები სოლიდარობას უცხადებენ 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულებს.

„ლელოს“ წევრთა განცხადებით, სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავა მოქალაქეები. სოლიდარობის ნიშნად მოძრაობის წევრებმა სიმბოლურად ხელები ყელსახვევებით შეიკრეს.

„მორიგ ჯერზე სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე. არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა. წლებია, თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გუშინ აქ არეულობა იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ეს საქმეები განეხილა. ახლა სისტემა არის კრიზისში, რადგან არ იცის, როგორ იპოვოს მორიგი მონა, რომელიც დაატყვევებს ახალ ჯგუფს, რომელიც იბრძვის სამართლიანი გარემოსთვის და თავისუფალი ქვეყნისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთებს, ნუ გექნებათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაალაგებთ სიტუაციას და დარჩებით სასამართლო ხელისუფლებაში. პირობას გაძლევთ, რომ „ლელოსთან“ ვერ დაალაგებთ, განსხვავებით „ოცნებისგან“ ჩვენ მემკვიდრეობით არ გადმოვიბარებთ სასამართლო კლანს. მოგიწევთ, კანონის წინაშე, სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი აგოთ თქვენს მიერ შესრულებული პოლიტიკური შეკვეთებისთვის. ვერ გააგრძელებთ უკანონო დავალებების შესრულებას, ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. პოლიტიკური რევანში არ იქნება, მაგრამ ყველას მოუწევს კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომა“, – განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავა. სასამართლომ აქციის დროს დაკავებულ ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი, გადაიდო.