მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების“ წევრებმა შეკრება გამართეს
მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების“ წევრებმა შეკრება გამართეს

ბათუმის საზაფხულო თეატრში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების“ შეხვედრა გაიმართა.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გაბრაზებულები არიან მმართველ გუნდზე, თუმცა, მათივე თქმით, დღეს ქვეყანა აღმოჩნდა ხელისუფლებაში რეაქციული ძალის დაბრუნების საფრთხის წინაშე, ამიტომ ისინი მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

„ვართ გაბრაზებული კოჰაბიტაციაზე, ვართ გაბრაზებული, რომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, თუმცა დღეს წყენის გვერდზე გადადების დროა. ძალადობრივ წარსულში დაბრუნება არ გვინდა. ისინი 28 ნოემბერს დასრულდებიან“, – განაცხადა შეკრებაზე მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი ამომრჩევლებზეც გაბრაზდნენ, რადგან მათ პირველ ტურში არ იაქტიურეს. ელექტორატს მოძრაობა აქტიურობისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.