„ზნეობრივი საქართველოსთვის“ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვისა და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს
„ზნეობრივი საქართველოსთვის“ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვისა და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

მოძრაობა „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვისა და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.ამის შესახებ ორგანიზაცია „ზნეობის“ წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინების – „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნებისმიერი სახის პროპაგანდა, კერძოდ, აღლუმებით, სიმბოლიკის გამოყენებითა და მედიის საშუალებით.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მოძრაობის წევრები ხელმოწერებს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარუდგენენ და გადაწყვეტილებას ერთი თვის მანძილზე დაელოდებიან.

მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.