გერმანული პრესა - კავკასიაში ანგელა მერკელის ვიზიტს მოსკოვიც ინტერესით მიადევნებს თვალს, მით უმეტეს მერკელი გარკვეული გზავნილების გაკეთებას გეგმავს
გერმანული პრესა - კავკასიაში ანგელა მერკელის ვიზიტს მოსკოვიც ინტერესით მიადევნებს თვალს, მით უმეტეს მერკელი გარკვეული გზავნილების გაკეთებას გეგმავს

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ანგელა მერკელის დაგეგმილ ვიზიტებზე გერმანული პრესა წერს და პოლიტიკურის გარდა, ყურადღებას ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებს.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამოირჩევა მოდერნიზებით და ქვეყანაში ფიქსირდება საიმედო, ჩარჩო პირობებზე დამყარებული წლიური 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა.

„გადაუჭრელი კონფლიქტების გარდა, ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების განხილვას. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვერ დაეფუძნება სასარგებლო წიაღისეულს, გამოირჩევა მოდერნიზებით. ამასთან, ფიქსირდება საიმედო, ჩარჩო პირობებზე დამყარებული წლიური 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ფედერალურ კანცლერს თან ახლდებიან გერმანული საწარმოების წარმომადგენლები“, – წერს სტატიის ავტორი.

ამასთან, მასალაში აღნიშნულია, რომ მერკელი საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების შედეგებით დაინტერესდება და „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“ ეწვევა, რომელიც საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონს, „სამხრეთ ოსეთს“, შორის გადის. სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთი აფხაზეთის მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობასაც აღიარებს, საქართველო კი მას კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის გარდა, კავკასიის სახელმწიფოებში მერკელის ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ყურადღებას კიდევ ერთი გერმანული გამოცემა ამახვილებს.

Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში წერია, რომ საქართველო აბსოლუტურად ღიაა ევროპის მიმართ და უკვე გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

„როგორც ჩანს, ეკონომიკურად ამ კურსმა გაამართლა, რადგან ქვეყანაში 2018 წელს დაფიქსირდა 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, გერმანული გამოცემა წერს, რომ სწორედ მერკელმა შეაჩერა საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირება დასავლეთთან, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაჟინებული სურვილის საპირისპიროდ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოვიდა.

„ამის შემდეგ ნატო-სთან მიმართებით ახლა ოფიციალურად ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს. თავის სოლიდარობას მერკელი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავს“, – წერს Süddeutsche Zeitung-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კავკასიაში გერმანიის კანცლერის ვიზიტს მოსკოვიც ინტერესით მიადევნებს თვალს, მით უმეტეს, რომ მერკელი გარკვეული გზავნილების გაკეთებას გეგმავს.

საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ანგელა მერკელის ვიზიტის შესახებ სტატიას Saarbrücker Zeitung-იც აქვეყნებს.

მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია შვიდი წევრისგან შედგება, რომელთაც კავკასიაში საკითხთა ფართო სპექტრის განხილვა მოუწევთ.

„სამივე რესპუბლიკა ევროკავშირისკენ მიისწრაფის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში უკვე დაკავშირებულია მასთან. საქართველო კი, რომლის ტერიტორიების ნაწილი 2008 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დამატებით, ნატო-ში გაწევრიანებისკენაც მიისწრაფვის“, – წერია სტატიაში.

Saarbrücker Zeitung-ის მასალაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მერკელის ვიზიტის დროს ევროპის სამომავლო გაზმომარაგების საკითხს განიხილავენ, კერძოდ, ბუნებრივი აირით ევროპის უზრუნველყოფა რუსეთზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

სტატიის ავტორის თქმით, ამ საკითხზე ფედერალურ მთავრობაში აცხადებენ, რომ „სამხრეთ დერეფნის განვითარების დიდი ინტერესი არსებობს“, თუმცა ამ დროისთვის, გაზის რაოდენობა, რომელიც კავკასიიდან შეიძლებოდა მიეწოდებოდეს ევროპას, გაცილებით ნაკლებია რუსეთის მიერ დაგეგმილი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის შესაძლებლობებზე.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.  საქართველოს შემდეგ კი, გერმანიის კანცლერს ვიზიტი აქვს  სომხეთსა და აზერბაიჯანში.