მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ​ასოციაცია - ჩვენი მიზანია, შევქმნათ და დავნერგოთ მომავლის მოთხოვნებზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა, მობილური ოპერატორების დახმარება აუცილებელია
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ​ასოციაცია - ჩვენი მიზანია, შევქმნათ და დავნერგოთ მომავლის მოთხოვნებზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა, მობილური ოპერატორების დახმარება აუცილებელია

მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა (MVNO) ასოციაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში, კერძოდ, მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ასოციაციისა და მასში შემავალი სუბიექტების სახელით, გვსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი სურვილი მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენი ასოციაცია სამი ორგანიზაციის მიერ (შპს ჯი ენსი, შპს ინექსფონი, შპს მაიფონი) დაფუძნდა საქართველოში MVNO ოპერატორების განვითარების მიზნით. MVNO არის საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებული სრულიად ახალი ტიპის ბიზნეს-მოდელი, რომელიც გულისხმობს მობილური ქსელის აბონენტებისთვის მათზე ორიენტირებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას, სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენციის მნიშვნელოვნად გაზრდას – შესაბამისად ინდუსტრიის ახალ საფეხურზე გადაყვანას.

MVNO (Mobile Virtual Network Provider) – არის ისეთი ტიპის მობილური ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელის ინფრასტრუქტურა და იყენებს არსებული მობილური ოპერატორების რესურსებს საკუთარი სერვისის გასაწევად (გადამცემი ანძები, მაგისტრალური ქსელი და ა.შ.). გამომდინარე აქედან, მისი ფოკუსი ნაცვლად ინფრასტრუქტურული მიმართულების მართვა/განვითარებისა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელთა ვიწრო აუდიტორიებზე და მათთვის მაქსიმალურად მორგებული და საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე.

მსოფლიო ტენდენციებმა გვიბიძგა, აქტიურად ჩავრთულიყავით მობილური კომუნიკაციების განვითარებაში. გვსურს ჩვენი გამოცდილება, ჯანსაღი ამბიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებლებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებას მოვახმაროთ, რომელსაც ტრადიციული ქსელის ოპერატორები (MNO-ები) არ ქმნიან.

გასულ წლებში ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ მობილური კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი პატარა თუ დიდი ნიშაა აუთვისებელი. მიგვაჩნია, რომ საქართველოში დღეს ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ნებისმიერი ნოვატორული, ამბიციური იდეა თუ სტარტაპი მოკლე დროში და შედარებით ნაკლები დანახარჯით შეიქმნას, გაიტესტოს და საბოლოო პროდუქტად იქცეს.

ასოციაციაში შემავალი სუბიექტების იდეები ფოკუსირებულია საკომუნიკაციო საშუალებების ერთიანი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც იქნება მეტი, ვიდრე – უბრალოდ კავშირი ინტერნეტსა თუ სატელეფონო ქსელთან. ეს ყველაფერი მოხდება ჩვენი კომუნიკაციების პლატფორმაზე ბიზნესებისთვის წვდომის მინიჭების გზით. ისინი თავიანთი სერვისების ინტეგრაციას მარტივად შეძლებენ აღნიშნულ პლატფორმაზე და მათ მომხმარებლებს მეტ ღირებულებას შესთავაზებენ თავად.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ და დავნერგოთ სრულიად თანამედროვე, მომავლის მოთხოვნებზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს და გულისხმობს სრულიად ციფრულ, უსწრაფეს და ინოვაციურ მიდგომებს მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შესაქმნელად. პროდუქტის საქართველოში წარმატებით ტესტირების შემდგომ ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რისთვისაც უკვე შერჩეული გვყავს შემდეგი ეტაპის ქვეყნები და პარტნიორები. გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას თანამედროვე ტექნილოგიური პროდუქტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე, მზარდ მოთხოვნებს საერთაშორისო ბაზარზე. გვაქვს ამბიცია – შევქმნათ პროდუქტი და მოვახდინოთ მისი ექსპორტი გლობალურად, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და იმიჯზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოში დღეს ყველა პირობაა შექმნილი ნოვატორული, ამბიციური იდეების გასახორციელებლად.

„საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე, ვასკვნით, რომ საქართველოში დღეს ყველა პირობაა შექმნილი ნოვატორული, ამბიციური იდეების გასახორციელებლად. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ხელს უწყობს მსოფლიო ტენდენციების საქართველოში გადმოტანასა და ჩვენს გეგმებს. ქსელზე დაშვების საშუალება, კონკრეტული პირობებით, საგრძნობლად ამარტივებს პროცესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტარტაპის საფეხურზე მყოფი კომპანიებისთვის. საქართველოს გააჩნია უდიდესი რესურსი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები კომუნიკაციების დარგში, რაც დადებითად აისახება როგორც ინდუსტრიაზე, ასევე – ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე.

გვსურს ყველა სახის ბიზნესთან თანამშრომლობა ცოდნის გაზიარებისა და მათზე გათვლილი გადაწყვეტილებების შესაქმნელად. ვგეგმავთ, ჩვენი სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად გახსნილი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამ გზით, ხელს შევუწყობთ სხვა ბიზნესების განვითარებასაც, რაც დღეს უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება თანამედროვე კავშირგაბმულობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების გარეშე.

ქსელის მფლობელი მობილური ოპერატორების მიერ არასათანადო რეაგირება და წინააღმდეგობრივი განწყობა იწვევს პროცესის სტაგნაციასა და გაურკვევლობაში შეყვანას, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის როგორც პროცესის დაწყებაში, ასევე პარტნიორ-საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც. იგივე შეიძლება ითქვას უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაშიც, რომლებიც კონკრეტულად კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სტარტაპებში ახორციელებენ ინვესტიაციას სხვადასხვა ქვეყნებში და მათ ინტერესებში საქართველო უკვე აქტიურად ფიგურირებს.

ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებისთვის, დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ყველა პარტნიორი და ინვესტორი საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს. ამით ზიანი მიადგება ჩვენ ქვეყანაში ტელეკომ დარგის განვითარებას და ზოგადად, საქართველოს რეპუტაციას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ასოციაციის წევრმა კომპანიებმა MVNO-ს შექმნაზე აქტიურად მუშაობა 2020 წლის თებერვლიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო სირთულეები, რეალობამ მაინც მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად შევეცადეთ ბაზარზე არსებულ მობილური ქსელის ოპერატორებთან დაგვემყარებინა პირდაპირი ურთიერთობა და დაგვეწყო საუბარი, ვინაიდან MVNO ისეთი ტიპის ბიზნეს მოდელია, სადაც თუკი ორივე მხარე (MNO & MVNO) როგორც ეფექტური ბიზნეს პარტნიორი ისე არ მოქმედებს, წარმატება გამორიცხულია. ჩვენი მცდელობა ბიზნეს საწყისებზე, კომერციული პირობებით მოვლაპარაკებოდით მობილური ქსელის ოპერატორებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი წინადადებები ამ ეტაპზე მათ მიერ არ განიხილება. გასაოცარია, თუმცა პროცესი მოლაპარაკებამდე და ბიზნეს გეგმის განხილვის ფაზამდეც კი ვერ მივიდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკების გზამ არ იმუშავა, 2021 წლის თებერვლიდან, ოფიციალური წერილით მივმართეთ ბაზარზე არსებულ ოპერატორებს, თუმცა დღემდე კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგამდე MVNO მოდელის მიმართულებით, არ მივსულვართ. სამი ქსელის ოპერატორიდან, ორთან კომუნიკაცია შედგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ნათლად განსაზღვრული თუ როგორ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე MVNO-ს შექმნის მიმართულებით. ერთ ერთი მსხვილი ოპერატორისგან, ჩვენი განმეორებითი მცდელობების მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ ხდება პროცესის ხელოვნური გაჭიანურება ქსელის მფლობელი ოპერატორების მხრიდან. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ხშირად არასწორი, გადაუმოწმებელი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ვრცელდება MVNO-ს შესახებ. მაგალითად, თითქოს, მოხდება დიდი საბაზრო წილის წართმევა დომინანტი ოპერატორებისთვის ან შეიქმნება ქსელის უსაფთხოებასთან დაკავშირებული რისკები. ორივე ფაქტი არის სიცრუე და ამის დასტურია საერთაშორისო გამოცდილება: მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედი ასობით MVNO-ს ჯამურად საშუალოდ ბაზრის მხოლოდ 26%-მდე უკავია. ამის განმაპირობებელი უამრავი ფაქტი და მოცემულობა არსებობს, რაც ცნობილი უნდა იყოს დომინანტი ოპერატორებისთვის. ასევე, ქსელის მფლობელი ოპერატორის მხრიდან უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ მართვის გათვალისწინებით, უსაფთხოებასთან დაკავშირებული რისკები მსოფლიოს არცერთ MVNO ოპერატორის მიერ არ შექმნილა. ტექნიკური არგუმენტაციის მოშველიებაც შესაძლებელია იმის შესახებ, რომ MVNO-ებთან ოპერატორის მიერ დაერთება ხშირ შემთხვევაში მსგავსია როუმინგ პარტნიორ ოპერატორებთან დაერთებისა (სხვა ქვეყნის ქსელთან). სხვა თანაბარ პირობებში როუმინგ ოპერატორის დაერთებიდან წარმოშობილი კიბერ უსაფრთხოების რისკები გაცილებით დიდია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოსთვის MVNO-ს არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონკურენციის თვალსაზრისითაც.

„დღეს ბაზარზე არის ბევრი პატარა ფიქსირებული ინტერნეტის თუ სატელეფონო სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საშუალო ან მცირე ბიზნეს სექტორს ემსახურება, თუმცა, აღნიშნულნი ვერ უწევენ კონკურენციას ბაზრის ლიდერებს (იქიდან გამომდინარე, რომ მათ მობილური კავშირის სერვისის შეთავაზება, თუნდაც უფრო ძვირად ვიდრე მას დღეს MNO სთავაზობს, არ შეუძლიათ). მცირე ზომის ოპერატორები კონკურენციას ვერ უწევენ ბაზრის ლიდერ MNO-ებს, რომლებიც ფიქსირებული ინტერნეტის სერვისსაც ფლობენ. პატარა კომპანიების რაოდენობა მცირდება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც კონკურენციაზე, ასევე ბაზრის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე. მობილური ქსელის ხელმისაწვდომობაზე ბარიერების მოხსნა გამოიწვევს საქართველოში კიდევ ერთი სფეროს სწრაფად განვითარებას, მოიტანს ინვესტიციებს და შექმნის ინოვაციურ პროდუქტებს, როგორც კომუნიკაციების სფეროში, ასევე, სხვა დარგებშიც. MVNO არის ტელეკომუნიკაციების დარგის განვითარების მომავალი, რაც მრავალი დასავლური ქვეყნის მაგალითით დასტურდება. თუკი საქართველო ვერ აჰყვება მსოფლიოს კომუნიკაციების დარგში, სამომავლოდ ეს გახდება სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი ყველა ბიზნეს სექტორის და შესაბამისად ქვეყნის განვითარებისთვის.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ ფეხი ავუწყოთ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.