„მოამბე“ სტიქიის ზონაში - ვითარება თურქეთში [ფოტო-ვიდეო]

ათასობით დაღუპული, დაშავებული და 10 პროვინცია, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ასეთია დამანგრეველი მიწისძვრის მეორე დღე საქართველოს მეგობარ ქვეყანაში.

ნანგრევებში გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს სამაშველო ბრიგადები და მოხალისეები ამ დრომდე ეძებენ. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში.

მაშველებმა ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 თებერვლის დილით მომხდარ მიწისძვრას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა უწოდა.

სტიქია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. კატასტროფის ზონაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც: ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, ოპერატორი გიორგი კიკვაძე, ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მძღოლი პაატა გოცაძე.