მმართველმა გუნდმა პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელვაჩაურში წარადგინა
მმართველმა გუნდმა პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელვაჩაურში წარადგინა

პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მმართველმა გუნდმა დღეს ხელვაჩაურში წარადგინა. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის მანდატისთვის ანზორ ბოლქვაძე, უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს.

მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს.

პრემიერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხელვაჩაურში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის ხელშეწყობის გეგმებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამოქმედებულ ახალ პროგრამებზე ისაუბრა.

„სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, შექმნას სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. თქვენთან აღარ უნდა იყოს, გაზმომარაგების, წყლისა თუ გზის პრობლემა. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მოსახლეობა ამას ხედავს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ ეტაპობრივად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მმართველი პარტიის ლიდერებმა კანდიდატები ქედის, შუახევისა და ხულოს ამომრჩეველს გუშინ წარუდგინეს.

დღესვე მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში.