მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაუწყებლებისთვის გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები ონლაინ მედიაზეც გავრცელდება და კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმომსახურება
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაუწყებლებისთვის გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები ონლაინ მედიაზეც გავრცელდება და კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმომსახურება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კორექტირდება და მაუწყებლებისთვის გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები ონლაინ მედიაზეც გავრცელდება.

ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმომსახურება. ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომელიც ასე ფორმულირდება: „ინტენერტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება“.

არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ კორექტირებული ვერსია პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენისას იქნება წარდგენილი.

„გვაქვს შემოთავაზებული ცვლილება. გვაქვს ასეთი მოცემულობა, მაგალითად, რომელიმე მაუწყებელს იმავდროულად აქვს საიტიც, სოციალური ქსელიც. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად თუ ავრცელებს, შესაბამისი რეაგირება და ადამიანს უფლებების დაცვა შეეძლება, თუ ეს ინფორმაცია გავრცელებული არის ტელეეთერის საშუალებით, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია თუნდაც სოციალური ქსელის, თუნდაც ვებგვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე შეუძლებელია, ადამიანმა რეაგირება მოახდინოს. ამიტომ როგორც პირველი მოსმენით, ამ კომიტეტზე განხილვის დროს, ასევე პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, ჩემ მიერ და ჩვენი გუნდის შეთანხმებით გაჟღერებულ იქნა, რომ ე.წ. ონლაინ მედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექონოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს. სწორედ ამიტომ წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას, გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომელიც ასე ფორმულირდება: „ინტენერტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება“. ეს იქნება ინტერნეტმედია მომსახურების განმარტება. ხოლო ინტერნეტმედიამომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გასავრცელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენს ან ინტერნეტჰოსტინგს.

მეორე მოსმენის ფორმატში პლენარულ სხდომაზე განხილვების თვალსაზრისით, შესაძლებელია, კიდევ უფრო ზუსტი დეფინიცია იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ. აქ იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, ანუ მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება და ხერხი არ არის ტელევიზია, მაგრამ ამ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორც საიტებს, ასევე სხვადასხვა აპლიკაციას და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა, ამ პირებზე გავრცელდება იგივე სტანდარტები, რა სტანდარტებიც ვრცელდება მაუწყებლებზე. იგულისხმება ფაქტის ჯეროვანი გავრცელება, მიუკერძოებლობის სტანდარტი, ახალი ამბების სწორად გადაცემა და ა.შ. ყველა ის სტანდარტი, რომლებიც, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, გათვალისწინებულია მაუწყებლებისთვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.