მამუკა მდინარაძე - ზოგიერთმა გერმანელმა დეპუტატმა ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში, წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - ზოგიერთმა გერმანელმა დეპუტატმა ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში, წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე

ჩვენი კოლეგა გერმანელი დეპუტატები მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

„რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, დღევანდელი ამბავი იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტა, ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერათ ხელი, ეთქვათ, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა, ვინმეს კითხვა დაუსვით, ამას გმობენ, გამოასწორებენ? მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად, მდინარაძეს თუ სხვას. უბრალოდ, ასე ძალით გვჯობნიან, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. უბრალოდ მოიტყუეს. წარმოიდგინეთ, ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. თავისი აგენტურის – თუ ისინიც ვიღაცების წარმომადგენლები არიან, ახლა ამაში აღარ შევალ, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით – ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს. ეს არ არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას „საერთოდ არ აინტერესებს, რომელი ჯაშუში და მისი პატრონი რას იტყვის“.

„ბუნებაში არგუმენტები არ არსებობს, როგორ შეიძლება, ნაცმა ილაპარაკოს ვინმეს არაჰუმანურობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე. იქამდე მივიდნენ თავის თავში დაჯერებული პიარით, რომ ნაცმა გაბედა და გელაპარაკება, რომ პოლიტიკური პატიმარი გყავს. შემდეგ იგივე გერმანელი დეპუტატი თავის ქვეყანაში ამბობს, რომ უპატიებელი დანაშაულია, პოლიციას პიროტექნიკას თუ მიუშვერ და შენი ქართველი პოლიციელი, ბოდიში და, მას ფეხებზე ჰკიდია. ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის. ჩემი გმირი პოლიციელი, ქართველი, რომელმაც 2008 წელს აგვისტოს ომში იბრძოლა, ომის ვეტერანია, იმ სხვას ფეხებზე ჰკიდია და ჩვენ არ გავაკეთებთ ამას. ჩვენ გვაინტერესებს. ჩვენი პოლიციელის სახეში მიშვერილი ცეცხლი არის საქართველოს სახეში მიშვერილი ცეცხლი, მისთვის ნასროლი ქვა არის საქართველოსთვის ნასროლი ქვა და საერთოდ არ გვაინტერესებს, რას იტყვის, რას მოიტყუება გერმანელი დეპუტატი ან სხვა ქვეყნის რომელიმე დეპუტატი, რომელიც იგივე აგენტურულ ქსელშია ჩართული. ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოლიციელებს. გერმანელი პოლიციელის მიმართ უბრალოდ მიშვერილი პიროტექნიკა თუ უპატიებელი დანაშაულია, უკვე რეალიზებული, პიროტექნიკიდან ნასროლი ცეცხლი საქართველოში რატომ არ არის დანაშაული? რატომ არის მშვიდობიანი? ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს არის თავხედობა, რომელსაც საქართველო არ გაატარებს. ჩვენი დამსახურებაა ხომ? ძალით ხომ არ ვიბრალებთ? კიდევ კარგი, მივედით იმ ზომამდე, რომ ამისი ლაპარაკის თავი გვაქვს, ვილაპარაკებთ და ქმედებითაც გადავალთ შეტევაზე, როცა საქმე ეხება ქართულ ინტერესებს. რაღაც მორალზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე, პოლიტიკური მორალი ემთხვევა ადამიანურსაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მორალი გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან. საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელი ჯაშუში და მისი პატრონი ან მისნაირი სადღაც რას იტყვის, რადგან ჩვენი სიმართლის გატანის თავი გვაქვს, როგორც მინიმუმ ამ ქვეყანაში და მერე სხვაგანაც ცოტა იმედები გვიჩნდება ბევრი რაღაციდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.