მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს
მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს.  დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.