მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს
მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

საქართველოში მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, შესაძლოა, სანქციების გამკაცრებაზე ინიციატივა მომზადდეს. ამის მიზანი კი, დანაშაულის პრევენციაა.

„არ გამოვრიცხავ, რომ მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული შესაბამისი სანქციების გამკაცრებაზე ინიციატივა მოვამზადოთ, რათა მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ იმით, რაც კანონმდებლობის დონეზე არის შესაძლებელი.

თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთი-ორი საქმის გარდა, მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ მკვლელობის პრევენციისთვის, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავიწყოთ მსჯელობა, გავამკაცროთ თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც საფუძველს მოგვცემს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.