მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს
მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს

ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული ისჯება 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში ა.პ.-მ კონკრეტულ პირს იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.

გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.