მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე თელავში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე თელავში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ყოფილი პოლიციელის საქმეზე თელავში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმეში ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ვანო ზანდარაშვილს მოსამართლემ 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვანო ზანდარაშვილს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ის ნაფიცმა მსაჯულებმა რვა ხმით სამის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნეს.

საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში ბრალდებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ბრალდებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.

ამ საქმეზე ბრალდებული კახეთი პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვანო ზანდარაშვილი 2020 წლის დეკემბერში დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. ზანდარაშვილს ბრალად ედებოდა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობა და თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის დაჭრა.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. საჩიშვილი მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ცნობით, ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბ საჩიშვილი, ვანო ზანდარაშვილი და თელავის მერიის თანამშრომლები – იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი და მერიის სპეციალისტი ბიძინა ხატიაშვილი 25 დეკემბერს სოფელ იყალთოში მცხოვრებ დავით ლაჩაშვილის სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ. დავით ლაჩაშვილი, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა, აცხადებს, რომ საჩიშვილი და ზანდარაშვილი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ და სუფრაზე მათ შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.