მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 58-ის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„4 518 შემთხვევიდან 58 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათგან რვა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ხოლო ერთის კრიტიკულია.
„ჩვენს ცენტრში 42 კოვიდინფიცირებული იმყოფება, აქედან ხუთის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო ერთი ინფიცირებული კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედოა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი.