მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია
მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამჟამად, კლინიკებში მკურნალობას გადის 3 072 პაციენტი. აქედან, 28 კრიტიკულად მძიმეა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რვა პაციენტი არის გადმოყვანილი ოკუპირებული აფხაზეთიდან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტი კრიტიკულია.

„ჩვენს კლინიკაში გუშინ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობ 19 კოვიდინფიცირებული. აქედან ორი პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა არის მცირე დადებითი დინამიკა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, ენდელაძემ საქართველოში არსებული ეპიდვითარებაც შეაფასა. მისი თქმით, თითქმის ყველა რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო.

„გარდა აჭარისა, სხვა რეგიონებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. კორონავირუსის ახალი შემთხვევების ისეთივე მატებაა, როგორიც იყო. სასიამოვნოა, რომ არის შემთხვევების კლება, თბილისში, იმერეთში და თითქმის ყველა რეგიონში მოიკლო კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ. აჭარა ჯერჯერობით ისევ ცხელ წერტილად რჩება, მაგრამ გადასროლილია მთელი ძალები იქეთ და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. იქაც კორონავირუსის გარკვეული ტალღა ჩაივლის და შემთხვევათა რაოდენობა აუცილებლად შემცირდება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.