მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკული რჩება
მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკული რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„მკურნალობას გადის 3 542 კოვიდინფიცირებული, აქედან 25 არის კრიტიკული, მათ შორის 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 28 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტი კრიტიკულია, დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 28 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პაციენტებიდან  ერთი კრიტიკულია, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.