მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო უკვე არის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ევროკავშირი სწორედ ამ კონტექსტში შეაფასებს ქვეყანას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო უკვე არის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ევროკავშირი სწორედ ამ კონტექსტში შეაფასებს ქვეყანას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშს როცა გააკეთებს, საქართველოც ამ ანგარიშის ნაწილი იქნება.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს კი, ადასტურებს, რომ საქართველო არის უკვე არა სამეზობლო, არამედ გაფართოების პოლიტიკის ნაწილი და ერთი ნაბიჯით გადაინაცვლა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებში.

„2023 წელს ანგარიშის გამოქვეყნება უკავშირდება გაფართოების საკითხებზე ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის ნაწილიც იქნება საქართველო. ანუ, საუბარია იმაზე, რომ როცა ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშს გააკეთებს, საქართველოც იქნება ამ ანგარიშის ნაწილი, რაც თავისთავად ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის უკვე გაფართოების პოლიტიკის ნაწილი და არა – სამეზობლო პოლიტიკის. ევროკავშირი სწორედ ამ კონტექსტში შეაფასებს საქართველოს, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველომ ერთი ნაბიჯით გადაინაცვლა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებში. ევროკომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია ანგარიში, რომელიც ეფუძნება ჩვენ მიერ წარდგენილ კითხვარს ბოლომდე. საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის თავსებადობის თაობაზე ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც ვიცით, რომ მზადდება, პროცესშია და წესით, წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს და მზად იყოს. როდის დაუბრუნება ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას, ეს დიდწილად თავად საბჭოზეა დამოკიდებული. როცა საბჭო გადაწყვეტს, ამ საკითხის განხილვას დაუბრუნდებიან. კომისია შეაფასებს საქართველოს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში და ეს იქნება 2023 წელს, მაგრამ მანამდე ჩვენ გვექნება კითხვარზე ანგარიში.

ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამოსავალი უნდა იყოს, როდის შეძლებს საქართველო, სრულყოფილად იყოს ევროკავშირთან თავსებადი ქვეყანა, აქვს რა, უკვე ევროპული პერსპექტივა და ვიცით, რომ ეს ერთ მშვენიერ დღეს უნდა მოხდეს და აუცილებლად მოხდება, ამის დაპირება ევროკავშირისგან მივიღეთ. ახლა მთავარია, საქართველო როდის იქნება ევროკავშირთან სრულად თავსებადი ქვეყანა და როდის მოხდება ეს ამბავი, ხუთ წელში, ათში, თუ ოც წელში? რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმას, ამ პერიოდში ეტაპებს როგორ გავივლით, მაგრამ თუ ამ ეტაპებს დაძაბულობისთვის და წინსვლის ნაცვლად უკუსვლისთვის გამოვიყენებთ, ეს არ არის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი. მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ, ყოველ დღე უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ევროკავშირთან. თუ დღეს რეკომენდაციები გვაქვს, ამ რეკომენდაციების შესრულებას უნდა მივყვეთ. ჩვენი სურვილია, რომ რეკომენდაციები სწრაფად შევასრულოთ და სტატუსი რაც შეიძლება მალე მივიღოთ, თუმცა ეს არ არის ის პროცესი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ევროკომისიის მთავარი რეკომენდაცია ეხება დეპოლარიზაციას, რომელიც ამ პროცესში ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობას გულისხმობს.

ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გუშინ განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“.