მიხეილ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა
მიხეილ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ადვოკატის განმარტებით სარჩელი გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშილის წინააღმდეგ დევნის დაწყებას. ზურაბ თოდუამ დააყენა შუამდგომლობა, სადაც ის უზენაესი სასამართლოდან მოითხოვდა მსჯავრდებული ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენს სასამართლოს სხდომის ოქმთან ერთად. მას ეს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა, თუმცა ადვოკატის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა აღნიშნული დოკუმენტები არ გადასცა, რითაც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.

„მოსამართლე შავლიაშვილმა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით იგი ვალდებული იყო გადმოეცა ჩემთვის გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვარს მიღებული განაჩენი და ამავე სასამართლო სხდომის ოქმები. ეს დასჯადია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გულმოდგინედ მალავს იმ საიდუმლო გარიგებას, რასაც ადგილი ჰქონდა გენერალურ პროკურატურასა და გიორგი ჯანაშიას შორის და რაც სავარაუდოდ, უნდა იყოს გამიზნული, რათა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მოიპოვონ რაიმე მტკიცებულება, შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა და დააპატიმრონ ის. 15 იანვარს მე დავკითხე ეს ბავშვი სასამართლოში. მისი ჩვენება არის წმინდა გაგებით აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედი პირის მოქმედება. 28 იანვარს კი, მას მიცემული აქვს ჩვენება, რომლითაც მან აღიარა წინასწარი განზრახვით ჯგუფთან ერთად სარალიძის მკვლელობა. აქედან გამომდინარე ძალიან მაინტერესებს, 13 დღის განმავლობაში რა მტკიცებულება მოიპოვა სასამართლომ“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.